წერილები




     "ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური: ჩემი სურვილი იყო ჯარის-კაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამომეპარება ხვალმე გულში. მაშ, რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი, რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეხად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხაროდა, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო, მაშინ როდესაც ფერხი უკეთ მქონდა და კარგადაც მაქვს. ასე რომ, ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ."

   "კიდევ მომნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი. იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდიხანია ობოლი ვარ. არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მომძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერავის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია; ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად  მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკო თავი?"

   გრიგოლ ორბელიანისადმი
"...ახლა მე იმას ვამბობ, რომ მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესოს ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არ მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილს,ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა!"

გრიგოლ ორბელიანისადმი
   "საყვარელო ძმაო, გრიგოლ! სიზარმაცეში ანუ უნდომობაში ნუ ჩამომართმევ ამდენს  ხანს წიგნის მოუწერლობას. დრო არა მქონდა. შენ გაიცინებ, რასაკვირველია, იტყვი:  ''შენ, ჭიანჭველავ, რა საქმე გაქვსო?'' - კიდეც ამისთვის არა მცალიან, რომ ჭიანჭველა ვარ: ყოველთვის ჩემზედ მეტი და დიდი უნდა ავიკიდო. ესეც კი არის მიზეზი, რომ არ მოგწერო? დედაკაცები ისევ ისინი; ჩვენი ყმაწვილები და ხახვების ფრანტები სულ შამილის დასაჭერად წამოვიდნენ, ქალაქი მე დამრჩა. მოუსვი, ბიჭო! ამისთანა ფართე ოკეანე არც ერთს ხომალდს არ შეჰხვედრია

                                                                                            შენი მარად  . ბარათაშვილი
                                                                                                                წელსა 1884
  მაისის 23-სა.  
  . ტფილისით."




No comments:

Post a Comment