მოგონებები ბარათაშვილზე

    "ბარათაშვილი ყოველთვის სერთუკში იყო ხოლმე გამოწყობილი, ქართულ ტანისამოსს არ ხმარობდა. ეს გარემოებაც დედაჩემისაგან გამიგონია. მე თვითონ ბარათაშვილი არ მახსოვს და იმის დებს კი ყველას კარგად ვიცნობდი და ძალიან მიკვირდა, რომ ამ დებმა არცერთი ლექსი თავიანთი ძმისა არ იცოდნენ და როდესაც იმათთან ჩვენ ვაქებდით და ვადიდებდით ჩვენს პოეტს, ისინი როგორღაც უნდობლად იღიმებოდნენ ხოლმე."

                                                                                            კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი
                                                                 
                                                                  * * *
    "იყო მეტად ცოცხალი, მხიარული, მოწესრიგებული, ამავედროს ყოვლად უანგარო, მიუხედავად დიდად შევიწროვებული მდგომარეობის, იგი მზად იყო დახმარებოდა გაჭირვებულს ყველაფრით, რითაც კი საჭირო იყო... მეგობრები იცნობდნენ მას, როგორც საუკეთესო ამხანაგს, რომელიც ყოველთვის აცოცხლებდა საუბარს, იცინოდა, აცინებდა, ენამახვილობდა, ერთობოდა და იპრობდა ხანდახან ყველას ყურადღებას თავის ნაწარმოებებით..."

                                                                  * * *
   "ნიკო საუცხოვოდ ჰკითხულობდა საღვთო წერილს. არ იცოდა ენა მაგრამ სიმღერა და მუსიკა ძლიერ უყვარდა. ისეთი მხიარული იყო, რომ ვერავინ შეატყობდა, მწერალიაო. ყოველ ლხინზე სათარას მოიყვანდა. მთელი ქვეყნის გასათხოვარი ქალების ამბავი დაწვრილებით იცოდა. უყვარდა ნათესავობა და მუდამდღე მათში დადიოდა."

           პოეტის დის - ბარბალე ვეზირიშვილის ნაამბობიდან ჩაწერილი სამსონ ფირცხალავას მიერ.

                                                                  * * *
   "ნიკოლოზ ბარათაშვილი სკოლაში კარგად სწავლობდა. უმეტესად განსხვავებული იყო თავის ამხანაგებში, მხიარულის ხასიათით, სიმართლით, პირველი მოცეკვავე იყო, საკუთრად ლეკური საქმე, ყველასგან საყვარელი ამხანაგი, ფხიზელი, ცნობის მოყვარული, მიმღები, ყოველივე კარგი შთაბეჭდილებისა."

No comments:

Post a Comment